ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყოველწლიურ მინისტერიალში მონაწილეობს.
შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ასევე, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
გიორგი ბარამიძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გასულ თვეს დაწყებული დიალოგისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების შესახებ.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობასა და ამ პროცესში ევროკავშირის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
მინისტრთა შეხვედრაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება „საგზაო რუქის“ შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრიორიტეტების განხორციელების მონიტორინგის ინსტრუმენტს წარმოადგენს.