მთავრობას  სესხების და გადასახდელი პროცენტების ოდენობა  ჯერ კიდევ არ დაუთვლია

მთავრობას სესხების და გადასახდელი პროცენტების ოდენობა ჯერ კიდევ არ დაუთვლია

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სესხების და გადასახდელი პროცენტების ოდენობა, მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუთვლია.

ამ საკითხით დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” დაინტერესდნენ და ფინანასთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილს შეკითხვით მიმართეს.

ფრაქცია დღეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით  ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავდა.

ფრაქციის სხდომაზე გაირკვა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის კრედიტი აქვთ ჯამში აღებული სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და ამდენად, დათვლილი არ არის თუ რა ოდენობის პროცენტის გადახდას აპირებს სახელმწიფო.

პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ ეტაპზე ბანკებთან სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ დაფარვის რამდენიმე სქემაზე მუშაობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

პეტრიაშვილმა ერთ-ერთ სავარაუდო სქემად, სახელმწიფოს მიერ კერძო ბანკებში საპროცენტო მომსახურების ეროვნული ბანკის მეშვეობით დაფარვა დაასახელა.

მანვე არ გამორიცხა, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს დახმარება  ერთწლიანის ნაცვლად ორწლიანი იყოს.