მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. მაღალმა ტემპერატურებმა შესაძლოა სითბური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს, რადგან ადამიანის ორგანიზმის დამცავი სისტემები, ამ დროს, სხეულის შესაბამის გაგრილებას ვერ უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან: ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები. ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით. ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები), ჭარბი წონის მქონენი, ფიზიკური პირები, რომელთაც მუშაობა უწევთ არავენტილირებულ გარემოში და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.

დაავადებათა ცენტრი ამ ადამიანებს,  სიგრილესა და კარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნას ურჩევს. აუცილებელია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სარისკოა ალკოჰოლის, ზედმეტად ტკბილი სასმელისა და ზედმეტად ცივი წყლის მიღება (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი).  უნდა ატარონ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი და მუქი ფერის სათვალეები.

ამასთან ცენტრი მოსახლეობას რჩევებს მზის დამწვრობასთან დაკავშირებითაც სთავაზობს. „მზის სხივებმა არა მარტო კანის პრობლემები, არამედ შესაძლოა, მხედველობის დარღვევებიც გამოიწვიოს. მაგალითად, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია. მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა, განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა. მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი“, - ურჩევენ მედიკოსები მოსახლეობას. 

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ შეზღუდონ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში. მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც. გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. კრემი უნდა წაისვან მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ 2 საათში.