ლევან ვეფხვაძე:  IRI კვლევის შედეგებში ელექტორატის თითქმის მეოთხედი ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში

ლევან ვეფხვაძე: IRI კვლევის შედეგებში ელექტორატის თითქმის მეოთხედი ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)-მ ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. პირველი პარტია, რომელთანაც IRI-მ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, "ქრისტიან-დემოკრატები" არიან. 

როგორც ქდმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, სანამ ინსტიტუტი ყველა პარტიასთან არ დაამთავრებს პრეზენტაციებს, კონკრეტული ციფრების დასახელებას არაეთიკურად მიიჩნევს. თუმცა მისი ზოგადი შეფასებით, წარმოდგენილი სურათი ძალიან საინტერესოა და მათთვის „ოპტიმისტურია“.

როგორც ვეფხვაძე აცხადებს, კვლევაში წარმოდგენილია ზოგადი შეფასებები, ტენდენციები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დინამიკა, საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობები და ა.შ. თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა ინსტიტუტმა აღნიშნული კვლევა არ გაასაჯაროოს.

„შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ დახურული პრეზენტაციებით შემოიფარგლონ. ჩვენ კი გვთხოვეს, რომ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შევიკავოთ, ამიტომ ჩემი მხრიდან კონკრეტული ციფრების დასახელება არაეთიკური იქნება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, ამომრჩევლის 20-25 % გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, თუმცა ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ვეფხვაძე აცხადებს, რომ სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული ოქტომბრის არჩევნების ბედი.

„ელექტორატის თითქმის მეოთხედი ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის ტენდენცია, რომელიც აქამდე არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი სამ სუბიექტიანი იქნებოდა - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „ქრისტიან დემოკრატები“, შენარჩუნებულია. მე ვფიქრობ, რომ როგორი პოზიციები დაფიქსირდება საბოლოოდ, ეს უკვე ოქტომბერში გამოჩნდება“, - განაცხადა მან.

ვეფხვაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ადამიანის გემოვნებაში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არ ჯდება. მისი თქმით, ლიდერებს საარჩევნო კამპანია გარკვეულწილად უკვე დაწყებული აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ მიმართ საზოგადოებას სრული ნდობა და კეთილგანწყობა არ არსებობს. ასეთ ვითარებაში ქდმ-ს ლიდერს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მისმა პარტიამ განსხვავებული ხედვა შესთავაზოს.

„ამომრჩევლის თითქმის მესამედი მზადაა არჩევენებზე მივიდეს, მათგან ნაწილი აფიქსირებს კეთილგანწყობას „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მიმართ, ნაწილი კი აცხადებს, რომ  გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ეს ის ნაწილია, რომელსაც არც ბიძინა ივანიშვილი უნდა, არც მიხეილ სააკაშვილი. ამ ნაწილს უნდა სხვა ხედვები, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ რომ შევთავაზოთ“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.

რაც შეეხება კვლევის სანდოობას ვეფხვაძის აზრით, ის ფაქტი, რომ მოსახლეობის თითქმის 30% არ მოსწონს არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კვლევა სანდო არ არის.

„ეს მაინც საორინეტაციო ციფრებია. ჩვენ ვენდობით კვლევას  და ვფიქრობთ, რომ სოლიდურად ვიქნებით პარლამენტში. თუმცა საბოლოოდ როგორ გადანაწილდება ადგილები ეს მოსახლეობის იმ ნაწილზეა დამოკიდებული, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული“, - დასძინა ვეფხვაძემ.

 საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)-მ კვლევის შედეგების პრეზენტაცია "ქრისტიან-დემოკრატებთან“ გუშინ გამართა. კვლევაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიცაა ასახული.