„სამართლიანი არჩევნები“ ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებს

„სამართლიანი არჩევნები“ ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და კულტურის ცენტრის იურისტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.

 ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის პრესსამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზეწოლა "სამართლიანი არჩევნების" ლანჩხუთის ოლქის კოორდინატორზე ნანა სანიკიძეზე ხორციელდება, რომელიც ამავდროულად ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელია, რომელზეც აღნიშნულ ზეწოლას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლი, გია გოგუაძე ახორციელებს.

განცხადების თანახმადვე, ზეწოლა სანიკიძეზე მას შემდეგ მოხდა, რაც მან იმ ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო, რომლის თანახმადაც, პედაგოგები კონკრეტული პარტიის მხარდამჭერთა პირადი მონაცემების შეგროვებას ახდენდნენ. მათივე ინფორმაციით, გია გოგუაძემ გრძელვადიან დამკვირვებელს მიკერძოებული უწოდა და მისგან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის კონტროლი მოითხოვა.

"ნანა სანიკიძე ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულია ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვალოდია სულაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. დღეს, მისი სამსახურიდან გათავსუფლების საკითხი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის იურისტმა, ზაირა გურგენიძემ იმ უკანონო საბაბით მოითხოვა, თითქოსდა, საჯარო მოსამსახურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა შეუთავსებელი საქმიანობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი სახის კომუნიკაცია გამგებლისა და საჯარო სამსახურის სხვა მოხელეების მხრიდან არამარტო სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში უხეშ ჩარევასა და ზეწოლას წარმოადგენს, არამედ, უკანონო ქმედებას. ამიტომ "სამართლიანი არჩევნები" უწყებათაშორისი კომისიისგან მოითხოვს, შეისწავლოს სანკიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებიც დამკვირვებლის გათავისუფლებას ითხოვდნენ.