ბათუმის მერიამ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ევროპის მოედანზე აქციის ჩატარებისთვის უარი უთხრა და აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კოალიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ მათთვის ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი მიუღებელია.
შესაბამისად, კოალიცია ბათუმის მერიის პასუხს, როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას განიხილავს.
From.ge კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია. ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას. 24 ივლისს, 10 საათზე კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.