საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას სტუდია „მონიტორის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ოფისის გაქურდვის ფაქტის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე უმძიმესი დარტყმაა.
„ძალზე მძიმეა, როცა წლობით შექმნილი სტუდია ერთ დღეში ნადგურდება და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებული ჟურნალისტები ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე რჩებიან. ჟურნალისტთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ მაქსიმალურად ეფექტური ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად. “ - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს გუშინ ოფისი გაქურდული დახვდათ. დაკარგულია ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი სამონტაჟო აპარატურა, ორი ვიდეოკამერა, შტატივი და ფლიპ-კამერა. აპარატურასთან ერთად წაღებულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.