პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეიდან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვას დაიწყებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თელავში კახეთის რაიონებში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო, სადაც ყველა კანდიდატს შესაბამისი დავალებები მისცა.
როგორც „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, აღრიცხვასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში კოალიციის აქტივისტები ყველა სოფლის ოჯახს კარდაკარ მოივლიან და მათ მდგომარეობას დეტალურად აღწერენ.
„ეს აღწერა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და იმ კითხვარების საშუალებით მოხდება, როგორიც ასეთ დროს მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ისინი არ ენდობიან იმ აღრიცხვებს და ჩატარებულ სამუშაოებს, რომელიც ხელისუფლებამ კახეთის რეგიონში ჩაატარა.
ხიდაშელის აზრით, ხელისუფლება არასწორად იქცევა, როცა მოსახლეობას 10 ტონა დაკარგულ ყურძენში 1500 ლარს უხდის. რაც შეეხება მათ მიერ გადარიცხულ თანხებს, ხიდაშელი აცხადებს, რომ მასზე კოალიცია უმკაცრეს მონიტორინგს დააწესებს.
„ჩვენ ბიუჯეტში შევიტანეთ ეს თანხა და ბიუჯეტის საშუალებით უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი დახმარების განაწილება. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ უმკაცრეს მონიტორინგს დავიწყებთ, ეს კი აღრიცხვის საშუალებით მოხდება. აღიცხვის შემდგომ უკვე ყველა ოჯახის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დავიწყებთ კონტროლს რომ ყველა კაპიკი, რომელიც გამოიყო შესაბამისად დაზარალებულ ადამიანებამდე მივიდეს“, - დასძინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ თითოეულ ადამიანს მიყენებული ზარალის შედეგად გამოწვეული გაჭირვება და მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.