ბიძინა ივანიშვილმა 10 მილიონი ლარი სასამართლოს  ანგარიშზე უკვე გადარიცხა

ბიძინა ივანიშვილმა 10 მილიონი ლარი სასამართლოს ანგარიშზე უკვე გადარიცხა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი შესაბამის ანგარიშზე უკვე გადარიცხა. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გუშინ საღამოს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა. 

როგორც ხიდაშელი აცხადებს,  შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული თანხა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა თუ არა.

"არ ვიცი უკვე ფიზიკურად ჩაირიცხა თუ არა თანხა. ეს ის საბანკო დეტალია, რომელიც არ ვიცი, მაგრამ თანხის ჩარიცხვას არანაირ პირობებს არ უყენებს ბიძინა ივანიშვილი და ეს თანხა უკვე გადაირიცხა", - განმარტა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, კოალიციის იურისტთა ჯგუფი გარკვეული პერიოდი ფიქრობდა თუ რა ფორმით შეძლებდა ივანიშვილი კახეთში 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდა, რადგან ამ სიტუაციაში როგორც ხიდაშელი აცხადებს, მოსახლეობისთვის მედიკამენტების დარიგებაც კი, მას ამომრჩევლის მოსყიდვად ეთვლებოდა.

ბიძინა ივანიშვილი გვერდზე ვერ გადგებოდა და შორიდან ვერ დაუწყებდა იმ კატასტროფას ყურებას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. მისი გამოხმაურება იყო აბსოლუტურად ბუნებრივი. ამ სიტუაციაში იურისტებმა მას ეს ფორმა შესთავაზეს. ასე, რომ მოსახლეობის დახმარება მარტივი და კანონიერი გზით მოხდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმიდან მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონი ლარი ჩარიცხოს. მისი განმარტებით, ცნობილი გარემოებების გამო არ აქვს შესაძლებლობა პირადად დაეხმაროს სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას, რადგან ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება.