მანანა კობახიძე:  იმედია,  ხელისუფლება ამ თანხას დაზარალებულებს მოახმარს და პოლიტიკურ სპეკულაციებს არ დაიწყებს

მანანა კობახიძე: იმედია, ხელისუფლება ამ თანხას დაზარალებულებს მოახმარს და პოლიტიკურ სპეკულაციებს არ დაიწყებს

 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე მანანა კობახიძე „ქართული ოცნების“ ლიდერის გადაწყვეტილებას,  რომლის მიხედვითაც,  ის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ, სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონ ლარს გადარიცხავს,  დადებითად აფასებს.

კობახიძე ამ ქმედებას პოზიტიურსა და საქართველოს მოქალაქის ღირსეულ ნაბიჯს უწოდებს  და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ქველმოქმედება მითუმეტეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება,   ჩვეულებრივი,  ბუნებრივი პროცესია.

„სხვაგვარად არ შეიძლებოდა.  ის ამ შემთხვევაში,  თავის ხალხს,  თავის თანამოქალაქეებს გვერდით დაუდგებოდა.  ეს  ძალიან ბუნებრივია.  ამ ქმედებას თუკი  ვინმე  სხვაგვარად აფასებს,  ეს მისი პრობლემაა.  ალბათ,  ამ ადამიანებისთვის  ქველმოქმედება და გაჭირვებაში მყოფები ადამიანებისთვის დახმარება უცხოა. ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რეალურად ამ ადამიანებს მოახმარს ამ თანხას თუ არა.  უკიდურესად მძიმეა ამ ადამიანების მდგომარეობა, მე რამდენადაც ვიცი,  სტიქიის შედეგად ზუსტად იმ თანხის ზარალია,  რაც ბატონმა ბიძინამ გაიღო. ეს თანხა ამ ხალხს ბევრ პრობლემას მოუხსნიდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს თანხა ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე გადარიცხულია. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამ თანხას მოსახლეობას სწრაფად მოახმარს და    პოლიტიკურ სპეკულაციას არ დაიწყებს.

„ივანიშვილის ამ ნაბიჯს მივესალმები არამხოლოდ მე არამედ,  ნებისმიერი ადამიანი,  ვისაც  ზოგადად,  სხვისი მწუხარება და გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვს.  როგორ შეიძლება ამ ნაბიჯს ადამიანურად არ მიესალმო? ამ შემთხვევაში,  არჩევნები და პოლიტიკური კამპანია არაფერ შუაშია. აქ საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე და როგორ შეიძლება რაიმე პოლიტიკურ ვაჭრობაზე იყოს საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ  „სამარცხვინოა ვინც ამას ვერ იგებს“.