დავით დარჩიაშვილი: ჯარიმების თემით სპეკულირება მაინცდამაინც სუფთა პოლიტიკური თამაში არ არის

დავით დარჩიაშვილი: ჯარიმების თემით სპეკულირება მაინცდამაინც სუფთა პოლიტიკური თამაში არ არის

უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით,  თუ ივანიშვილის შეთავაზება  პოლიტიკური სპეკულაციისა და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერის საქმეა, კარგი არ არის. აღნიშნული კომენტარი დარჩიაშვილმა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული შეთავაზების კომენტირებისას გააკეთა. 

„ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონ ლარის გადარიცხვას აპირებს.

„ასეთ თემაზე საუბარი, როდესაც სტიქიით ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, საარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე და ამ კუთხით მონაწილეობაზე. მაგრამ ეს რამდენად ხელეწიფება ივანიშვილს, არ ვიცი და რამდენად არის  ეს მისი სურვილი. თუ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური სპეკულაციისა და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერის საქმეა, კარგი არ არის და  უკანონოა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. .

მისივე თქმით, სტიქიის დროს, ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის მილიარდერსაც შეიძლება გაუჩნდეს უანგარო სურვილები.

„არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც შექმნილია სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაზე და მას დაელაპარაკოს. მაგრამ ამის ირგვლივ, რაღაც განცხადებები, აჟიოტაჟები და  ქალბატონ მაია ფანჯიკიძის გამოსვლები, რაღაც სხვას მაფიქრებინებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ფანჯიკიძის განსასაზღვრელი არ არის, როგორ მოქმედებს საბიუჯეტო კანონი საქართველოში, სასამართლო როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და ჯარიმები სად და როგორ მიემართება.

„ანუ ჯარიმების თემით სპეკულირება არც თუ მაინცდამაინც სუფთა პოლიტიკური თამაშია, ჯარიმები ჯარიმებია და ქველმოქმედება ქველმოქმედებაა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.