ლევან ვეფხვაძე:  არჩევნებს შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც ერთიდაიგივე ადამიანები ატარებენ

ლევან ვეფხვაძე: არჩევნებს შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც ერთიდაიგივე ადამიანები ატარებენ

პარტიების ქცევის წესების შესახებ  ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული წინადადებები გაიზიარა და დეკლარაციას 17 პუნქტი დაამატა. თუმცა,   დაიცავს თუ არა ხელისუფლება ქცევის ამ წესებს და შეიზღუდავს თუ არა თავს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში,  ვიცესპიკერ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ლევან ვეფხვაძის აზრით, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება.

„ძალადობაზე და მოსყიდვაზეა საუბარი, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. თუკი ვინმე ამ მეთოდებს იყენებდა, ეს ხელისუფლებაა და ამაზე ორი აზრი არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ  ეს იყო ზოგადად ტრადიცია, როდესაც ყველა ხელისუფლება მსგავს მეთოდებს იყენებდა. ბუნებრივია, თუკი ახლა ხელისუფლება გამოდის და აცხადებს, რომ შევიზღუდავ თავს და ამ ყველაფერს არ გავაკეთებ, მისასალმებელია. საუბარი იმაზე, რომ  ხელისუფლება შეასრულებს აქ ჩამოთვლილ პუნქტებს, ამაზე საუბარი მკითხაობა იქნება. თუმცა, მგონია, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვანაირად არჩევნების ჩატარება, უბრალოდ არ შეუძლიათ. ეს ადამიანები არჩევნებს ატარებდნენ როგორც  შევარდნაძის დროს, ასევე ატარებენ არჩევნებს სააკაშვილის დროსაც. ესენი შეიძლება იყვნენ საარჩევნო კომისიებში, იყვნენ გამგებლებიც,მაჟორიტარებიც. მე არა ერთ და ორ ადამიანზე ვსაუბრობ, არამედ მთლიან სახელისუფლო სისტემაზე.

ბუნებრივია, როდესაც საუბარი იმაზე, რომ არჩევნებისას არ გამოვიყენებთ მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას,  ქდმ მივესალმებით ამ დეკლარაციას. ვფიქრობ, ძალიან კარგად იმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც თავის წინადადებებში ეს თემები უფრო მნიშვნელოვნად და ფართოდ წარმოაჩინეს, ვიდრე ეს ხელისუფლებას თავის ოთხპუნქტიან გეგმაში ჰქონდა გაკეთებული, არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამ დეკლარაციას არ შეუერთდეს“,-აცხადებს ვეფხვაძე.