„კარდაკარი“ დასრულდა

„კარდაკარი“ დასრულდა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ, ასევე მასში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  პროექტი „კარდაკარი“ ფაქტობრივად დაასრულეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

„კომისიამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან უკვე მიიღო ბოლო ინფორმაცია სიების შესახებ და სწორედ ამ ინფორმაციისა და „კარდაკარის“ მონაცემების საფუძველზე შეიქმნება ამომრჩეველთა სიის ძირითადი ვერსია, რომლის პრეზენტაციაც პირველ აგვისტოს გაიმართება, სიის საბოლოო ვარიანტი კი არჩევნებიდან 16 დღით ადრე დაიდება“, - განაცხადა კაციტაძემ.

ამასთან, როგორც კაციტაძემ აღნიშნა, კომისიას აღებული ჰქონდა ვალდებულება, „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოეხდინა რეგისტრატორებისთვის ფინანსური ანაზღაურების უზრუნველყოფა. ხელშეკრულებით ეს ვადა  პროექტის დასრულებიდან 15 დღით არის განსაზღვრული.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად ოპერატიულად გაგვეცა ანაზღაურება და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა რეგისტრატორს, შესაბამისად მათი გაწეული საქმიანობისა, ანაზღაურება უკვე გადარიცხული აქვს. ანაზღაურება მიიღო 11 097 რეგისტრატორმა და მათზე ჯამში, 2 112 387. 50 ლარი გაიცა“, - აღნიშნა კაციტაძემ.

პროექტ „კარდაკრის“ განხორციელება 24 აპრილს დაიწყო და თითქმის 3 თვეს გაგრძელდა.