ნაციონალების ოფისთან ბიზნესმენების რიგი დგას

ნაციონალების ოფისთან ბიზნესმენების რიგი დგას

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ბიზნესმენების რიგი დგას. ისინი იქ ნაციონალების მხურვალე სიყვარულს არ მიუყვანია. ბიზნესმენები, აეროპორტის ტრასაზე, სადაც ნაციონალების ოფისია, მოახლოებულმა არჩევნებმა მიიყვანა. უფრო სწორედ იძულებით მიიყვანა.

ამ ოფისში უმრავლესობის ლიდერები ბიზნესმენებს „გასაუბრებას“ უტარებენ. გასაუბრების მოკლე შინაარსი ასეთია: რამდენი შეუძლია შეიტანოს ნაციონალების ყულაბაში. კონკრეტულ თანხას ბიზნესმენს უმრავლესობის „კიტები“ არ უსახელებენ. ეს ბიზნესმენების პირად „ნებაზეა“ დამოკიდებული.

მმართველი პარტიის  ოფისში „გასაუბრებაზე“ მყოფმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა,(რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ)  from.ge–ს განუცხადა, რომ მას ნაციონალებმა განუცხადეს, რომ პარტიის ანგარიშზე თანხა, როგორც კერძო პირმა ისე უნდა გადარიცხოს. ამ პირს თანხა ჯერ არ გადაურიცხია, თუმცა, ამბობს, რომ თანხას აუცილებლად გადარიცხავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს დაუხურავენ.

არჩევნების წინ, მმართველ პარტიას საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება. მათ უამრავი დაპირება აქვთ შესასრულებელი. თანხების მობილიზების ერთ–ერთი საუკეთესო წყარო კი კერძო ბიზნესია.

ბიზნესს ყველაზე მეტად არჩევნების მოახლოების ეშინია, რადგან სწორედ ამ დროს უწევთ „კეთილი ნების“ გამოჩენა  და სახელისუფლებო პარტიისთვის ფულის გადარიცხვა. არჩევნების წინ, რატომღაც ბიზნესმენებს დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ, რომ  მმართველ პარტიას თანხებით დაეხმარონ.