რომან კუსიანი:   ბრძოლას  სააპელაციო სასამართლოში გავაგრძელებ

რომან კუსიანი: ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გავაგრძელებ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი რომან კუსიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებული 30 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით - 150 ათასი ლარით დაჯარიმებას,  უკანონოს უწოდებს და აცხადებს რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

კუსიანის თქმით, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს და სამართიანობისთვის იბრძოლებს.

„ამ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. პირიქით,  ვაპირებ  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც სასამართლოდან მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს დაჯარიმებაზე გავასაჩივრო. პრაქტიკულად,  ყველა გასაჩივრება უშედეგოდ მიმაჩნია, თუმცა მაინც ვეცდები, რომ ბრძოლა ამ  უკანონო გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში გავაგრძელო. კანონის მიხედვით,  პარტიისთვის კიდევ 30 ათასი ლარის გადარიცხვის უფლება მაქვს.  ეს თანხა პირადი დანაზოგია, თუმცა ეს არგუმენტი დღეს სასამართლომ არ გაიზიარა“, - განაცხადა კუსიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 პირი, რომლებმაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.