სააკაშვილმა  გლდანელებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალები გააცნო

სააკაშვილმა გლდანელებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალები გააცნო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული ახალი საპროგრამო დოკუმენტი, სადაც მომდევნო  4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებებია გაწერილი, მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებისთის წარდგენას უახლოეს ხანებში აპირებს. 

აღნიშნული დოკუმენტი ოთხ მთავარ საკითხს მოიცავს, ესენია - უმუშევრობა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება. 

დოკუმეტში მმართველი პარტია პირობას დებს, რომ რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის განახევრებას შეძლებს, მიზნის მისაღწევად კი პარტია დასაქმების სამინისტროს აქტიურად ამოქმედებას გეგმავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თითოეულ უმუშევარსა და სამუშაოს ყველა მაძიებელს სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება ექნება.

ჯანდაცვის სფეროს განვითარების მხრივ დოკუმენტში საყოველთაო დაზღვევაზეცაა საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამისი კატეგორიის დაზღვევას მიიღებს  სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქე, 6 წლამდე ასაკის ბავშვი, პენსიონერი, პედაგოგი, დევნილი, პოლიციელი და ჯარისკაცი, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის დაზღვევის საბაზისო პაკეტი შემუშავდება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

დოკუმენტში მესამე პუნქტი სოფლის მეურნეობს სფეროს განვითარებას ეხება, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება სოფლის მეურნეობის 500-ზე მეტი ახალი საწარმო; მოირწყვება დამატებით 90 000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2 000 ახალ ტრაქტორს, იგეგმება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% დამუშავდება.

„ხელშეკრულება საქართველოსთან“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგებასაც გულისხმობს. მასში აღნიშნულია, რომ ოჯახი თავად გადაწყვეტს, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს - კომუნალური ხარჯები დაფაროს, მედიკამენტები და სასკოლო სახელმძღვანელოები შეიძენოს თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაიქირაოს და საწვავისა და სასუქის ხარჯი გაისტუმროს.