ირაკლი ალასანია რურუას განცხადებას ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით უსუსურს უწოდებს

ირაკლი ალასანია რურუას განცხადებას ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით უსუსურს უწოდებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან  დაკავშირებით, კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას გუშინდელ განცხადებას უსუსურს უწოდებს. ამის შესახებ ალასანიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც რურუამ განაცხადა, რომ ყველა შენობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა.

"ეს ძალიან სულმოკლე ხალხის უსუსური განცხადებაა. არც კი ვთვლი საჭიროდ, რომ ან მე, ან კოალიციის რომელიმე წევრმა ამ განცხადებაზე კომენტარი გავაკეთოთ", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავს განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემას არც თვითონ და არც კოალიციის სხვა წევრები საჭიროდ არ მიიჩნევენ. 

კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ახორციელებდა და ყველა შენობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა. 

"მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარისწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ასეა, არ არის პრობლემა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისე, როგორც გააკეთა ბათუმისა და ქუთაისის თეატრები. ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა, მაგალითად, რუსთაველის თეატრი, რომელსაც ასევე მისი ერთ-ერთი კომპანია არემონტებდა. გაირკვა, რომ თეატრის საფუძველი არ გამაგრებულა და თეატრი კვლავ ავარიულია", - განაცხადა რურუამ.