ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოკითხულთა 71% არ ეთანხმება

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოკითხულთა 71% არ ეთანხმება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება, 8% კი ამართლებს. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

NDI-მ რესპონდენტებს შემდეგი კითხვით მიმართა, "პარალმენტმა მიიღო ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, წარდგენილი ქდმ-ის მიერ, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შეუძლია, კენჭი იყაროს პარლამენტში. იცოდით თუ არა ამ ცვლილების შესახებ?".

ამასთან, გამოკითხულთა 63% არ იზიარებს სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ, გამოკითხულთა 7% კი ეთანხმება.

საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას აძლევს, როგორც ევროკავშირის მოქალაქემ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, გამოკითხულთა 1/3-ზე ნაკლები უჭერს მხარს. 

გარდა ამისა, კვლევის შედეგად ისიც იკვეთება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები გამოკითხულთა 32%-ისათვის ცნობილია, 45%-მა კი ამის შესახებ არაფერი იცის. თავად მიღებულ ცვლილებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს, 25% - ეწინააღმდეგება, 40% კი ამბობს, რომ არ იცის უჭერს, თუ არა მხარს აღნიშნულ ცვლილებას. 

აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.