ივანიშვილი:

ივანიშვილი: "ციცინათელას" დირექტორად გურიის გუბერნატორის მოადგილის დანიშვნა სააკაშვილის შიშის მაჩვენებელია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში მდებარე გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ დირექტორად გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის ლაშა შაფაქიძის დანიშვნა სააკაშვილის შიშით გამოწვეულ გადაწყვეტილებად შეაფასა. ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„როდესაც გასართობი ცენტრი აშენდა, გვინდოდა ის ხელისუფლებისთვის გადაგვეცა და ასეც მოხდა. თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ციცინათელა“ დოტაციურია და თავს ვერ ინახავს. ცენტრს განახლება სჭირდებახოლმე, ამიტომ მას ყოველწლიურად ვეხმარებოდით, მაგრამ ახლა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი არაფერს დაეძებენ, ოღონდაც ივანიშვილი შეაჩერონ. მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეშინებულია" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” ახალ დირექტორად გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე დაინიშნა.

მანამ  „ციცინათელასთან” დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მანამდე განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, სამინისტრომ “ციცინათელას” მმართველ კომპანია “მენეჯმენტ სერვისთან” სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

“2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვის”-ს შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვისს” სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7″-ში (კომპლექსი “ციცინათელა”) 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები ეფექტური მართვისთვის.

გასართობი ცენტრის, „ციცინათელას“ ახალ ხელმძღვანელად გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის ყოფილი მოადგილე ლაშა შაფაქიძე ორი დღის წინ დაინიშნა.