ბანკი „ ქართუ“ არა ერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერადაც საქმე ეხებოდა „ტვ პირველში“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა ქონების გადასამალად, - ამის შესახებ „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გულუამ განაცხადა.
ნიკოლოზ გულუას განცხადებით, „ქართუ ბანკი“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას, „ტვ პირველის“ მხრიდან ცილისწამება კი არის ის რომ „ქართუ ბანკის“ დისკრედიტაცია მოხდეს და ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფის ინტერესების გამტარებელ ბანკად.
„ ასევე, მოხსენიებულ იქნა, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე არაგამჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში და აი ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება. ისევე როგორც, სხვა შემთხვევებში, ჩვენ არა ერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. ცილისწამების მიზანი არის ის, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი ეროვნული ბანკის რეგულაციებს იცავს, დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“,- განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.