ეუთო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარს უჭერს

ეუთო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარს უჭერს

ეუთოს პოლიტიკური კომიტეტი მონაკოში დღეს გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოში არსებული მდგომარეობა", დღეს დაამტკიცებს.

გუშინ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა და წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი გამოვიდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად გამოიყენა ტერმინი "ოკუპაცია". საუბარი ეხება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას და დევნილთა უპირობო დაბრუნებას. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ  ოკუპანტებისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ იქნა  ეთნოწმენდა. კენჭისყრამდე ეუთოს პოლიტიკურ კომიტეტში დებატები მოეწყო. რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია არაკორექტული და სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოში ეუთოს ყოფილი მისიის ვალდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობა კონფლიქტების და დაძაბულობის დარეგულირებისთვის საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო  და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ საზღვრებში. შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობით, როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და ასევე მათი უფლების არაღიარებით, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს. მივესალმებით საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას, მათ შორის 2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას და არჩევნების რეფორმირების პროცესს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს და მიმართულია 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში., რომლის ავტორია პოლონეთის წარმომადგენელი მიხეილ შცერბა. რეზოლუციის პროექტი ათგვედრდიანია და ის საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.   დოკუმენტში საუბარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების დარეგულირებას გულისხმობს.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ეუთო დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობებს, დაუშვან ეუთოს დამკვირვებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და პარლამენტს, ასევე აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე-ფაქტო მთავრობებს, დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები წინააღმდეგობის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო), როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საქართველოსა და აფხაზეთის (საქართველო) და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) საზოგადოების თანდათან დაახლოება. მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში, როგორც ნდობის გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმი. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზებული იყოს ეუთოს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.