7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღე აღინიშნება(VIDEO)

7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღე აღინიშნება(VIDEO)

7 ივლისს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს დღეს, ავჭალაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღავლენს.

იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით. მისი მშობლები იყვნენ მღვდელი ზაქარია და ელისაბედი. ისინი ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს. შვილები მათ არ ჰყავდათ, ორივენი ხანში შესულები იყვნენ. ერთხელ, როდესაც ზაქარია ტაძარში შევიდა საკმეველად, მთელი ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი, საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც შენ იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალით".

იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი იყო, ის ბავშვობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვით და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისთვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდევლებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“.

მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად, ის ხალხს იესოსთან შესახვედრად ამზადებდა. იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო და თავმდაბლობით წარსდგა მის წინაშე. დამორჩილდა ღვთის ნებას და მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

იესო ქრისტემ თავად გადაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემლისა“, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იფი ღმერთზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფეოის მისა არს“.

იოანეს „ნათლისმცემელი“ ეწოდა იმის გამო, რომ უფალმა მისი ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა. წმინდა იოანე ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა. ის არის მოძღვარი სინანულისა.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა. გალიეის მთავრის ანტიპა ჰეროდეს უსჯულეობაში მხილებისათვის თავი მოჰკვეთეს.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია : ნათლისღება -19 იანვარი, შობა -7 ივლისი და თავის მოკვეთა-11სექტემბერი.