ცრუ განგაში გლდანის ციხეში?

ცრუ განგაში გლდანის ციხეში?

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა სუხიშვილი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, გლდანის ციხეში სპეცრაზმის შესვლისა და ამის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ერემაშვილის განცხადებით,   სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დაიარეს ციხე, შიგნით სიმშვიდეა და არაფერი ხდება.

გლადანის მერვე საპყრობილეში   არეულობის შესახებ ინფორმაცია  6 ივლისს, საღამოს  11  საათზე სოციალური ქსელით გავრცელდა.

„სოციალურ ქსელსა და "ფორუმ.გე"– ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის  მე-8 საპყრობილეში შევარდა სპეცდანიშნულების რაზმი, ნაცემია უამრავი პატიმარი და არიან გარდაცვლილები.

გავრცელებულ ინფორმაციას, პატიმრების ახლობლების პანიკა მოყვა. ბევრმა მათგანმა ინფორმაციის გადამოწმება გლდანის მერვე საპყრობილესთან   მისვლით გადაწყვიტა.

პატიმრის ოჯახების წევრების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ციხიდან გაიგეს.

გლდანის მერვე საპყრობილესთან,  ასევე მივიდნენ  უფლებადამცველები.  თუმცა, მათ ციხეში შევლა და რაიმე ინფორმაციის დადგენა  ვერ მოახერხეს.

რადგან დემოკრატიულმა ხელისუფლების კრიტერიუმით,  ციხეში შესვლა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვისაა შესაძლებელი.  დიდი ხანია არასამთავრობო სექტორისთვის სასჯელაღსრულების კარები ამოიქოლა.

„არ ვიცით, რა ხდება, გვეუბნებიან, რომ ცემისგან გარდაცვლილია ორი ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ან უარმყოფელი არავინ ჩანს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჯერ არ ჩანან“,-განუცხადა გურია ნიუსს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ციხეში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ.

ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურში. კალმახელიძის უწყების პრესსამსახურის უფროსი , თეა სუხიშვილი სატელეფონო ზარებს,  ტრადიციულად არ პასუხობდა.

სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ერემაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე  იმის თქმა შეუძლია, რომ   სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დაიარეს ციხე, შიგნით სიმშვიდეა და არაფერი ხდება და ოფიციალურ განცხადებას იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით,  თავად გაავრცელებენ

მოგვიანებით,  როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, თეა სუხიაშვილი მათ თავად დაუკავშირდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, გლდანის ციხეში სპეცრაზმის შესვლისა და ამის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

სუხიშვილის განცხადებით, ის ადამიანი, ვინც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, პირადი ინტერესებით მოქმედებს და ათასობით მსჯავრდებულის ოჯახის წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სუხიშვილთან დაკავშირებას ბოლო 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის ტელეფონს არ იღებდა, რამდენიმე წუთის წინ სუხიშვილი თავად დაგვიკავშირდა და ასეთი კომენტარი გააკეთა: „მართალი გითხრათ, ასე გვიან იმიტომ დაგირეკეთ, რომ მივხვდი ამ თემაზე კომენტარისთვის მირეკავდით. რა თქმა უნდა ეს არის მორიგი სიცრუე და ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ამ თემის ავტორი არ ითვალისწინებს ათასობით მსჯავრდებულის ოჯახის წევრების მდგომარეობას და თავისი პირადი ინტერესის გამო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ. ძალიან გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ეს არის ტყუილი და მსგავსი არაფერი არ ხდება. უსაფუძვლო პანიკაა.

- საერთოდ არაფერი არ მომხდარა დღეს ციხეში?

-  არა საერთოდ არაფერი, სრული სიმშვიდეა“, – განაცხადა სუხიშვილმა.