ეკა გიგაური: დღემდე გვაქვს ფაქტები, როცა საჯარო მოხელეები ძალაუფლებას კვლავ ბოროტად იყენებენ

ეკა გიგაური: დღემდე გვაქვს ფაქტები, როცა საჯარო მოხელეები ძალაუფლებას კვლავ ბოროტად იყენებენ

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირისა და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ასახავდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, მათ მიერ ჩატარებული კვლევა 2010 წელს არის ჩატარებული, რომელიც ქრთამის მიღება-აღების ფაქტებს შეეხებოდა. კვლევა ინტერვიუებზე იყო დაფუძნებული, სადაც რიგით მოქალაქეებს ეკითხებოდნენ გასული წლის განმავლობაში მიუციათ თუ არა ვინმესთვის ქრთამი. გამოკითხვამ დაახლოებით 80% უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.

„თუმცა ეს არის ლოგიკური, იმიტომ რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომ გააჩეროთ ქუჩაში და იგივე კითხვა დაუსვათ, მებაჟისთვის, სამოქალაქო რეესტრის ან საჯარო რეესტრის წარმომადგენლისთვის მიუციათ თუ არა ქრთამი, დიდი რაოდენობა გეტყვით რომ არ მიუციათ“, - განაცხადა გიგაურმა.

იგი განმარტავს, რომ კორუფცია მხოლოდ ფულის მიცემასა და აღებას არ გულისხმობს და ქვეყანაში დღემდე გვაქვს ფაქტები, როცა სახელმწიფოს მოხელეები თავის ძალაუფლებას კვლავ ბოროტად იყენებენ და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით პოლიტიზირებულ უწყებებს ეხება.

„არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ შესაძლებლობებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მაშინ, როცა სხვადასხვა უწყებები ინფორმაციებს გვაწვდიან იგივე საინვესტიციო თუ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, ეს ინფორმაციები დღემდე არ არის სრულყოფილი და გამჭირვალე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ არის პრობლემები ანტიკორუფციულ სისტამასა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებებში“, - აღნიშნა გიგაურმა.

კვლევის პრეზენტაციას  IBRD, IREX, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.