არჩილ კბილაშვილი: შესაძლებელია პარტიების ქონების დაყადაღება, ოფისებიდან გამოსახლება და ამ ყველაფრის  აუქციონზე გატანა მოხდეს

არჩილ კბილაშვილი: შესაძლებელია პარტიების ქონების დაყადაღება, ოფისებიდან გამოსახლება და ამ ყველაფრის აუქციონზე გატანა მოხდეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კოალიციაში შემავალ  პოლიტიკურ პარტიებს ჯერ-ჯერობით შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებული სააღსრულებო ფურცელი არ მიუღიათ.

კბილაშვილის განცხადებით, აღსრულების ბიურო ალბათ, პარტიების უძრავ-მოძრავ ქონებას დააყადაღებს, თუმცა რა დოზით და რა უფლებებით ისარგებლებენ მისი თქმით, ამას მომავალი გვიჩვენებს.

„შესაძლებელია პარტიების ქონების დაყადაღება, ოფისებიდან პარტიების გამოსახლება და ამ ყველაფრის  აუქციონზე გატანა მოხდეს. ხელისუფლება თავის უფლებამოსილებას არაკანონიერად იყენებს.  ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუშლის, მაგრამ   ასეთი ვითარების მიუხედავად, ისინი  მართალია შეჭირვებულ მდგომარეობაში,  მაგრამ საარჩვენო კამპანიას მაინც  განახორციელებენ“, - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ „ყოველ შემთხვევაში თანხის გადაუხდელობა, მათ საარჩევნო უფლებების გაუქმებას არ იწვევს“.

ცნობისთვის, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ.  შესაბამისად,  კოალიციაში შემავალი პარტიები სააღსრულებო პროცედურების დაწყების მოლოდინში არიან, თუმცა მათ ჯერ- ჯერობით შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებული სააღსრულებო ფურცელი არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს  „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია  „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.