„ქართულ ოცნებაში“  შემავალი პარტიები  სააღსრულებო პროცედურების დაწყების მოლოდინში არიან

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები სააღსრულებო პროცედურების დაწყების მოლოდინში არიან

პოლიტიკურ კოალიცია  „ქართულ ოცნებაში“ შემავალ  პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ.

კოალიციის ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, პარტიებს უბრალოდ, არ ჰქონდათ ამოდენა თანხა და შესაბამისად,  ვერც გადაიხდიდნენ, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობაც, რომ ჰქონოდათ არ გადაიხდიდნენ,  რადგან მისი თქმით, ეს სასამართლოს მიერ დადგენილი უკანონო გადაწყვეტილებაა.

„უკანონო დადგენილებებს ისინი ნებაყოფლობით არ ასრულებენ.  ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ, იძულებითი აღსრულების პროცედურები იწყება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი   სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნება და ალბათ,  პარტიების ანგარიშებს დააყადაღებენ, მათ  ქონებას აღწერენ  თუ რაიმე გააჩნიათ  და აუქციონზე გაიტანენ. ეს ჩვეულებრივი სტანდარტული მოქმედებაა“, - განაცხადა ბარამიძემ და აქვე აღნიშნა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს ჯერ- ჯერობით შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებული სააღსრულებო ფურცელი  არ მიუღიათ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსის ბესიკ ლილუაშვილის განცხადებით კი, სასამართლოს აღსრულების ბიუროსთვის სააღსრულებო ფურცლით  ჯერ  არ მიუმართავს.

„ბიუროში ჯერ-ჯერობით სააღსრულებო ფურცელი არ შემოსულა, სანამ  არ შემოვა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნული ბიურო არაფერს აპირებს. ხოლო რაც შეეხება, რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს აღსრულების ბიურომ   ამაზე წიანასწარ საუბარი  უხერხული და არაკორექტულია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში აცხადებენ, სააღსრულებო ფურცლის შემოსვლისთანავე შესაბამისი განცხადება გაკეთდება და ყველა დაინტერესებულ პირს ეცნობება.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო.  სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.