დღეს, 15:00 საათზე გორში, კოალიციის - „არჩევნის თავისუფლებისთვის“, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით არიან დაინტერესებულნი შეხვედრას გამართავს.
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრის მიზანია, საზოგადოებამ კამპანია - „ეს შენ გეხებას“, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე, მეტი ინფორმაცია მიიღოს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ე.წ. must carry-ისა და must offer-ის კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრას კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი, აგრეთვე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე დაესწრებიან.
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.