მანანა კობახიძე: შიდა ქართლის შემდეგ აქციები სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში ჩატარდება

მანანა კობახიძე: შიდა ქართლის შემდეგ აქციები სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში ჩატარდება

კოალიცია „ქართული ოცნება“ 7 ივლისიდან შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს“ თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის ლიდერები მთლიანად მოიცავენ რეგიონს და გორში შეხვედრებს  წინასაარჩევნო აქციასთან დაკავშირებით გამართავენ. 

„კოალიცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას, შეხვედრები იმართება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან. შიდა ქართლის შემდეგ კი, აქციები სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში ჩატარდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტის გარეშე საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლებელია და სწორედ ამ მიზნით იმართება აღნიშნული აქციები.

„ჩვენი აქციები საკმაოდ ორგანიზებულად ტარდება. ორგანიზებული აქცია იყო მცხეთა-მთიანეთშიც, იმ ფონზე, რომ იქ ბევრი ხალხი არ ცხოვრობს, საკმაოდ მასშტაბური შეკრება გამოვიდა. აქციაზე იყო თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მოსახლეობაც. თუმცა, ისინი ორგანიზებულად არ ჩაგვიყვანია და მისასალმებელია, რომ საკუთარი ხარჯით მოახერხეს აქციაზე დასწრება“ - განაცხადა მანანა კობახიძემ. 

გორში „ქართული ოცნების“ აქცია 15 ივლისს არის დაგეგმილი.