ვეფხვაძე: დღეს უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია,როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის

ვეფხვაძე: დღეს უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია,როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიანდემოკრატების“ წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია უნდა მოხდეს.

 „როდესაც ამ დარბაზში მიხეილ სააკაშვილს კითხვა დავუსვით თუ რას აპირებდა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან უპასუხოდ დატოვა. თუმცა, ამ კითხვას პასუხი დღეს გაეცა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი, რომელიც პოპულარული აღარ არის, 2013 წელს მას იმ ადამიანით ჩაანაცვლებს, ვინც ახლა გახდება პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისივე შეფასებით, მართალია ახლა პრემიერი მხოლოდ უბრალოდ ფორმას წარმოადგენს შინაარსის გარეშე, თუმცა 2013 წელს ის ქვეყნის მმართველი გახდება.

„დღეს არის ისტორიული დღე, რადგან სწორედ დღეს უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის“, – აღნიშნა ვეფხვაძემ და უმრავლესობას მოუწოდა - „ჯერ გადახტით და ჰოპა მერე დაიძახეთ“.

„ჯერ მოიგეთ არჩევნები და მერე დადექით და იტრაბახეთ იმ მიღწევებით, რომელსაც 4 წლის განმავლობაში აპირებთ“, -  აღნიშნა ვეფხვაძემ.