მარინა ბერაძე:  ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ თანხების ჩადება პრობლემებს ვერ გადაწყვეტს

მარინა ბერაძე: ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ თანხების ჩადება პრობლემებს ვერ გადაწყვეტს

„ყველა პოლიტიკური პარტია მიხვდა,  რა პრობლემები არსებობს ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ, როგორ გადაწყდება ეს პრობლემები  არავის უთქვამს“, - განაცხადა  from.ge-სთან საუბარში  არასამთავრობო ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“-ს წარმომადგენელმა, ექიმმა მარინა ბერაძემ.

ბერაძის თქმით, ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთგვაროვან შეფასებებს აკეთებს და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ თითოეული პარტიის მიერ გაჟღერებული ინიციატივები მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებია.

ბერაძის განმარტებით, მიზეზების გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს პრობლემები, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში ამდენი ხნის განმავლობაში და რეფორმების გატარების შემდეგ,  რატომ ვერ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს არ მომხდარა.

„ამიტომ როცა ისინი ამბობენ, რომ რაღაც გამოასწორებენ, ეს არის ზედაპირული.  ეს არის პოპულისტური. რაც მერაბიშვილმა თქვა ეს მართლაც გამოსასწორებელია და კაია რომ -საყოველთაო დაზღვევიდან დაიწყო პრობლემების მოგვარება, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოვახერხეებთ ამას“, - განაცხადა ბერაძემ და აღნიშნა, მხოლოდ თანხის ჩადება ვერ გადაწყვეტს პრობლემის მოგვარებას.

როგორც ექიმი აცხადებს, პირველ რიგში აუცილებელია განხორციელების მექანიზმების შემუშავება. რაც მისი თქმით, იმ სამუშაო გუნდის წარმოდგენას უკავშირდება, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმუშაოს და აღნიშნა, აუცილებელია ეს გუნდი  პროფესიონალებით დაკომპლექტდეს.

„თუ კოალიციის მხრიდან კობა დავითაშვილი იქნება ამის პრეტედენტი და  საპარლამენტო უმცირესობისგან მაგდა ანიკაშვილი შეეცდება სიტუაციის შეცვლას, არაფერი არ გამოვა.  ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ პარლამენტში მოხვდეს ადამიანები, რომლებიც მაღალკვალიფიციურები და ამ საკითხში ღრმად  ჩახედულები არიან“, - განმარტა ბერაძემ.