„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინათინ ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. ისინი ევროკავშირის პარლამენტის სხდომის პარალელურად შეხვედრებს მართავენ.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც წინასაარჩევნოდ არის შექმნილი. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები სერიოზულად ეკიდებიან იმ საკითხს, რაც საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ხალხისათვის თავისუფალი არჩევანის საშუალების მიცემას უკავშირდება.

„ხვალ ევროპარლამენტის დღის წესრიგში ეგვიპტის და სირიის საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხის მოსმენაა შეტანილი, ასე რომ როცა ევროპარლამენტი საქართველოს თემატიკას ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყურადღება ძალიან დიდია და უახლოეს დღეებში და თვეებში ეს კიდევ უფრო გაიზრდება. რასაც ჩვენ საქართველოში  ხელისუფლების შეცვლით ვიგრძნობთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

სტრასბურგში ევროპის ლიბერალური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოთხოვნით, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში გასულ კვირას შეიტანეს.

დებატები საქართველოს შესახებ ხვალ გაიმართება.