სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მედიას რელიგიური პრობლემების კვალიფიციურად და მეტი პერიოდულობით გაშუქებისკენ მოუწოდა

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მედიას რელიგიური პრობლემების კვალიფიციურად და მეტი პერიოდულობით გაშუქებისკენ მოუწოდა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. 

რეკომენდაციები მიმართული იყო სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი და მიზნად ისახავდა საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვი თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას. 

რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში აისახა საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილი იყო შესაბამისი წინადადებები. მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ნორმები, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხი, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი და რელიგიური უმცირესობების საკულტო ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები. რელიგიათა საბჭო რეკომენდაციებით მიმართავს მედიასაც, რათა უფრო კვალიფიციურად და მეტი პერიოდულობით მოხდეს რელიგიური მრავალფეროვნების ასახვა და თავიდან იქნას არიდებული ქსენოფობური გაშუქება. 

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაშიც სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. აქვე, სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. 

სტუმრებს ასევე მიესალმნენ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ქალბატონი ინიტა პაულოვიჩა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი. 

ღონისძიებაზე რეკომენდაციები წარადგინეს რელიგიათა საბჭოს წევრებმა: ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ დიმიტრი ფირბარმა, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მიხეილ ავაქიანმა და სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრეობო ორგანიზაციების და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.