ინციდენტებითა და სკანდალებით განთქმულ ავტობუსების გაჩერებაზე (51-ე სკოლის წინ, მელიქიშვილის ქუჩა N2-თან,) დღეს, 30 ივნისს, 12.20 წუთზე კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა - ყვითელფორმიანი ახალგაზრა კონტროლიორი N140 ავტობუსის მძღოლს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. მე ამ ავტობუსით ვმგზავრობდი და ეს მუქარა თავად მოვისმინე.
საქმე იმაშია, რომ ზემოთ მითითებულ გაჩერებაზე და მოპირდაპირე მხარეს, ვერის ბაღთან არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე ყვითელფორმიან კონტროლიორებს “საბაჟო“ აქვთ მოწყობილი და როგორც მგზავრებს, ისე ავტობუსის მძღოლებს ხშირად ეუხეშებიან, მაგრამ დამუქრებით დღემდე არავის დამუქრებიან; ყოველ შემთხვევაში მე არ დამინახავს და მომისმენია.
ამ ორ გაჩერებაზე კონტროლიორები (ერთი, ორი ან სამი ერთად) გაჩერებულ ავტობუსში ამოდიან და სანამ ყველა მგზავრის ბილეთს არ შემოაწმოებენ, ავტობუსი გაჩერებულია - როგორც მძღოლი, ისე მგზავრები ელოდებიან კონტროლიორების ჩასვლას, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გზა გააგრძელოს. კონტროლიორების ამგვარი ქმედება ხშირად ხდება საცობების მიზეზი, განსაკუთრებით ვერის ბაღის მხარეს. როცა კონტროლიორს სთხოვ განგიმარტოს რის საფუძველზე აფერხებენ ავტობუსს, პასუხს ვერ გცემს და ხშირად გეუხეშება.
ასე მოხდა დღესაც - მგზავრებმაც და ავტობუსის მძღოლმაც რამდენჯერმე მივმართეთ კონტროლიორს, რომ გზის გაგრძელების საშუალება მოეცა, რაც მან ყურად არ იღო. გაჩერება ძალიან, რომ გაჭიანურდა, N140 ავტობუსის (TTC-431) მძღოლმა ავტობუსი ადგილიდან დაძრა, რასაც კონტროლიორის გაღიზიანება და მუქარა მოჰყვა - ყვითელ პერანგში გამოწყობილმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც დაახლოებით 30 წლამდე იქნებოდა, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა, სადღაც გადარეკა და ვიღაცას ავტობუსის სანომრე ნიშნები შეატყობინა. მანამდე კი მძღოლს დაემუქრა, რომ ის თავის ადგილს დაკარგავდა.
რადგან ამ ყვითელფორმიანებს თავ-თავიანთ ოჯახებში ზრდილობიანად მოქცევა არ ასწავლეს, ეგებ ეს თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა მაინც გააკეთოს და თავსგასულ კონტროლიორებს ზემოთ მითითებულ ორ გაჩერებაზე ავტობუსების შეფერხება აუკრძალოს.