პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მცხეთა-მთიანეთის აქციაზე მოსახლეობის იგივე მუხტს ელოდება, როგორიც თბილისში, ქუთაისსა და გურიაში გამართულ აქციაზე იყო.
ივანიშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში გამართული „ქართული ოცნების“ აქცია შედარებით ვრცელი იქნება, აქციაზე კოალიციის საარჩევნო პროგრამიდან გარკვეული სიახლეები გამოცხადდება და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც დასახელდება.
კოალიციის ლიდერი მოსახლეობას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათი ძალა ერთობაშია.
„მცხეთაში ჩემს შემდგომ სვლას გამოვაცხადებ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ხელისუფლებას ბოლო მობილიზაცია დარჩა, ისინი ძალადობაზე გადავიდგენ, ამის საჩვენებელი მაგალითი მერეთში მომხდარი ინციდენტია, მაგრამ ესაა და იმის იქით არაფერი არაა. მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო არ შეშინდნენ. ამათ არაფრის ძალა არ აქვთ. მათი სიცრუის არავის სჯერა. სამი თვე დარჩა, ცოტა გავიჭირვოთ. რა თქმა უნდა, მე მოსახლეობის ხარჯზე არ მინდა გავიმარჯვო, მაგრამ მე და ჩემი გუნდიც ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენი ძალა ერთობაშია, ამიტომ მცხეთა- მთიანეთის მოსახლეობას მოვუწოდებ მაქსიმალურად მოვიდნენ აქციაზე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დიდი მუხტი. პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოსახლეობას უჭირს და მათთვის უკვე, ეს ხელისუფლება მიუღებელია. ვალდებულნი ვართ დავდგეთ ერთად და მათ უღირს ქცევებს ღირსეული ქცევები დავუპირისპიროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.