ახალგაზრდა ადვოკატები ხელისუფლებას შავიზღვისპირა ზოლში არსებულ პროსტიტუციურ ფაქტებზე  რეაგირებისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა ადვოკატები ხელისუფლებას შავიზღვისპირა ზოლში არსებულ პროსტიტუციურ ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ საქართველოს ხელისუფლებას შავიზღვისპირა ზოლის ქალაქებში პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, ბათუმში, გონიოსა და ქობულეთში ათეულობით სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში, რომელთა მფლობელები ძირითადად თურქები არიან, რეალურად არაოფიციალურ ბორდელებს წარმოადგენს. ასოციაციის ცნობით, ამ სასტუმროებში შუა აზიის ქვეყნებიდან, მეტ წილად უზბეკეთიდან ჩამოსული 500-მდე ქალი მუშაობს. 

„ტრეფიკინგის მსხვერპლებს შორის არიან თურქეთიდან დეპორტირებული, უზბეკი, ყაზახი, ტაჯიკი, დაღესტანელი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ქალები. დაფიქსირებულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა თვითმკვლელობისა და მკვლელობის ფაქტები. ამასთან ქალებს, რომლებსაც ძირითადად სატრანზიტო ტვირთების გადამზიდი თურქი მძღოლების მომსახურებას აიძულებენ, ხშირად ფიზიკური ძალადობის ატანა უწევთ“, - განაცხადა ასოციაციის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით ეს პრობლემა მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც თურქეთის ტერიტორიაზე, ტრაპზონიდან სარფამდე მსგავსი დაწესებულებების მუშაობა მკაცრად აიკრძალა და აღნიშნა, რომ ამას ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად აპროტესტებს. მისი თქმითვე, მიუხედავად ამისა, დანაშაულის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამენ. 

„თემის ირგვლივ არსებული დუმილი ბადებს ეჭვს, რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინაპირობები გამიზნულად იქმნება, მას შემდეგ კი რაც საზოგადოების პროტესტი საკმარისად მომწიფდება ქვეყნის მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას დაიწყებს“, - აღნიშნავს კაიკაციშვილი.

როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, ძალადობისგან ადამიანების დროულად დაცვისთვის აუცილებელია სახელმწიფომ საზოგადოებასთან ერთად დროულად გადაწყვიტოს ახდენს პრობლემის რეგულაციას თუ ლეგალიზაციას.