„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ხელისუფლებას ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამილა გურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართელობას ბიუჯეტში ხარჯვისთვის საკმაოდ დიდი თანხები აქვს, რომელიც წინასაარჩევნოდ გააორმაგეს და ამჟამად 1102 000 ლარს შეადგენს.
როგორც გურაშვილი აღნიშნავს, წინა წლებში, როცა კახეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტში ჩადიოდა მოსახლეობა არა თუ ხვდებოდა მას თავისი პრობლემებზე სასაუბროდ, არამედ ვერც კი გებულობდა ამ ვიზიტის შესახებ. ეხლა კი მისი თქმით, გუბერენატორი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ხშირად სტუმრობენ დედოფლისწყაროს რაიონს და წინასაარჩევნოდ დაპირებებს და საჩუქრებს არიგებენ.
„ივნისის თვეში გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა სოფელ ზემო ქედის მოსახლეობას, მათ მიულოცათ ლომისობის დღესასწაული და ადგილობრივ ბავშვებს წინა ვიზიტისას დაპირებული ბურთები გადასცა. ასევე საახალწლოდ კახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მრავალშვილიან და მარტოხელა ოჯახებს გადასცა პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ფასიანი საჩუქრები“, - აცხადებს გურაშვილი.
თავისუფალი საქართველო აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვს კანონი ყველასთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის, ერთნაირად და არა დისკრიმინაციულად მოქმედებდეს.
„მოვითხოვთ და მივმართავთ კონტროლის პალატას, მოიკვლიონ რომელი ადმინისტრაციული რესურსი იქნა გახარჯული ამ საჩუქრებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუბერნატორის ეს ქმედება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსის 164–ე პრიმა მუხლის მიხედვით“, - აცხადებს გურაშვილი.