ვახტანგ ყოლბაია: არჩევნებისადმი რწმენა არ დაგვბრუნებია, თუმცა ვფიქრობთ,  რომ  პოლიტიკური პარტია არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს

ვახტანგ ყოლბაია: არჩევნებისადმი რწმენა არ დაგვბრუნებია, თუმცა ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველომ“ საარჩევნო სუბიექტად დასარეგისტრირებლად მუშაობა დაიწყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დადგენილი წესის მიხედვით, მათ ცესკო-ს განცხადებით მიმართეს, საიდანაც შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს და მხარდამჭერთა სიების შეგროვებასაც შეუდგნენ.

ყოლბაიას განმარტებით, რადგან „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ არჩევნებში არაკვალიფიციური პარტიაა, კანონის მიხედვით, ცესკო-ში რეგისტრაციის გასავლელად 25 ათასი ხმა სჭირდება. 

როგორც ყოლბაია from.ge - სთან საუბარში აცხადებს, მათ არჩევნებისადმი რწმენა არ დაბრუნებიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ  როგორც პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არასდროს ამბობდნენ.

„პოლიტიკური პარტია არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს  და ხელისუფლებაში არჩევნების გზით უნდა მოდიოდეს.  ეს აქსიომაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებელი იყო  საარჩევნო გარემოს მკვეთრად შესაცვლელად გვებრძოლა და არჩევნები არჩევნებამდე მოგვეგო. ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ საარჩევნო გარემო არ ვარგა და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვიბრძოდით და ვიბრძვით, რათა ეს გარემო გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ყოლბაიამ.

ყოლბაიას თქმით, ჯერ პარტიას არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში ბლოკის სახით თუ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან აქვთ.