სახალხო დამცველმა მერეთში მომხდარი ინციდენტის დროს აქციის მონაწილეთა უფლებების  დარღვევების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა მერეთში მომხდარი ინციდენტის დროს აქციის მონაწილეთა უფლებების დარღვევების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სოფელ მერეთში 26 ივნისს მომხდარი დაპირისპირებისას სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან აქციის მონაწილეთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  შესწავლის მიზეზი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეო-მასალები გახლდათ, რომლის მიხედვითაც ინციდენტში მონაწილე პირები საჯარო მოსამსახურეებს წარმოადგენენ, რომელთა შორის როგორც უწყებაში აცხადებენ, გორის თვითმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

„2012 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისა და მათი, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევების სასამართლოსადმი წარდგენის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ წარდგენილ 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის ვადით შეეფარდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს შორის ზემოხსენებული მოხელეები არ არიან.

მიგვაჩნია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისათვის შეუფერებელ ქცევას წარმოადგენს. საქმის შესწავლისას ჩვენ მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას. მასალები უახლოეს დღეებში შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების განხორციელების მოთხოვნით გადაეგზავნება, რის შესახებაც დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ"- ნათქვამია განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ინციდენტი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა. გორის რაიონულმა სასამართლომ კი სოფელ მერეთში მოხდარი ინციდენტის მონაწილეებს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.