მიხეილ სააკაშვილი: არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით,  საქართველოს გარშემო „ხელის ფათური“ სულ უფრო მძაფრდება

მიხეილ სააკაშვილი: არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარშემო „ხელის ფათური“ სულ უფრო მძაფრდება

„არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით,  არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით,  საქართველოს გარშემო „ხელის ფათური“ სულ უფრო მძაფრდება, რაც მისი თქმით, იმ პირობებში ხდება, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს.

„არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, დღეს ევროპასთან ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტები დგება. სააკაშვილი  დარწმუნებულია, რომ უახლოესი 16-18 თვის განმავლობაში საქართველო მიიღებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან, რაც, მისივე თქმით,  10 ათასობით სამუშაო ადგილს ნიშნავს, განსაკუთრებით, ექსპორტის საწარმოო სფეროში.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ქართული პასპორტით, უვიზო გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს ევროპის მასშტაბით.

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ევროპის ლიდერები დაესწრებიან. მანამდე კი მიხიელ სააკაშვილის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ქეთრინ ეშტონს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს. პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ასევე ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერთან და სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენთან.