სააკაშვილი: როდესაც რუსეთი გაიყვანს თავის სამხედროებს საქართველოდან, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა  ძალიან მალე დარეგულირდება

სააკაშვილი: როდესაც რუსეთი გაიყვანს თავის სამხედროებს საქართველოდან, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან მალე დარეგულირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა.

„BSEC-ი მთავრობებსა და ბიზნესს შორის მუდმივ დამაკავშირებელ ხიდად უნდა იქცეს. ჩვენ უნდა განვსაზღვროდ საერთო ინტერესების არეალები და დავსახოთ მიზნები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდას და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ყველა ქვეყანასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს ერთი თვალსაჩინო გამონაკლისის გარდა. თუმცა რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ, რომ მხარი დავუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. საქართველო არ არის მტრული ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს და როდესაც რუსეთი გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიებიდან, რაც აუცილებლად მოხდება, მაშინ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა  ძალიან მალე დარეგულირდება. მგონია, რომ ეს იმაზე გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ბისეკი ნამდვილად ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც თავისი წევრების ევროპულ მისწრაფებებს უჭერს მხარს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სამიტი, რომელიც ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს ეძღვნება, ახალი ფურცლის დასაწყისი გახდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.

სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა დღესვე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.

BSEC- ის სამიტის მუშაობა დღს დასრულდა. ფორუმის მონაწილე თორმეტივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ორგანიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება და ბევრად მეტი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.