თინა ხიდაშელი სოფელ დოესში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

თინა ხიდაშელი სოფელ დოესში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

კასპის რაიონის სოფელ დოესში 23 ივნისს სარწყავი წყლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებს ტარიელ და გიორგი ოხანაშვილებს გორის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატებს კი სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

როგორც დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, არც საზოგადოებისთვის და არც ადვოკატებისთვის არ არის ცნობილი რის საფუძველზე მოხდა მათი დაპატიმრება.

აღნიშნულ ფაქტს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშლი გამოეხმაურა. მისი შეფასებით ხელისუფლება სრულმასშტაბიან ძალადობაზე გადავიდა და მოქალქეებს პროტესტის გამოხატვის უფლებას აღარ უტოვებს. 

როგორც ხიდაშელი აცხადებს, ამ შემთხვევაში ზოგიერთი “სხვა“ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო.

„იმის ვინც სახელმწიფო და საბიუჯეტო რესურს ხარჯავს და არა იმის, ვინც სამართლიანად იცავს თავის უფლებებს. მაგრამ გასაგებია, როცა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ პოლიტიკური რეპრესიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბიუჯეტო საქმიანობის ადექვატურად შეფასება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ტარიელ და გიორგი ოხანაშვილები სამართალდამცავებმა 26 ივნისს დააკავეს. 23 ივნისს დოესში გამართულ აქციაზე მოსახლეობა სარწყავი წყლის მიწოდებას ითხოვდა. მოულოდნელად მათთან ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. ადგილობრივებმა ახალგაზრდების ჯგუფში სოფლის გამგებლის ნათესავები ამოიცნეს.