კონტროლის პალატამ მოქალაქე უშანგი კუზანაშვილსა და ფონდ „ქართუ“- ს შორის ფინანსური კავშირი აღმოაჩინა

კონტროლის პალატამ მოქალაქე უშანგი კუზანაშვილსა და ფონდ „ქართუ“- ს შორის ფინანსური კავშირი აღმოაჩინა

კონტროლის პალატამ პარტიების მონიტორინგის პროცესში დაადგინა, რომ მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 16,292,00 ლარი გადაურიცხა. ამის შესახებ უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე პოლიტიკურ ორგანიზაციაში  -,,ქართული ოცნებაში“ გაწევრიანდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით,  არსებული დოკუმენტური და ვიდეო მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მანდატის შესაბამისად, კონტროლის პალატა პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე ახორციელებს მონიტორინგს.

ამავე კანონის შესაბამისად, მონიტორინგის პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის მიზნით კონტროლის პალატა მიმართავს პროკურატურის ორგანოებს.

მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 16,292,00 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს, რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,,ქართული ოცნება“.

უშანგი კუზანაშვილის და ფონდი ,,ქართუს“ ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისათვის - აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.

შესაბამისად, კონტროლის პალატამ, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ფაქტზე არსებული დოკუმენტური და ვიდეო მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.