სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ქსნის #15 დაწესებულების ე.წ ახალ ნაწილში პატიმართა უფლებების სავარაუდო მასობრივი დარღვევების გამო გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქსნის დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე ასეულ პატიმარს შეხვდნენ, რომლებიც მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვადასხვა სახის ძალადობას და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტები ხშირია. ასევე, ხშირია მცირედი გადაცდომისთვის დასჯის უკანონო მეთოდების გამოყენება.

„ამას გარდა დაწესებულებაში ხშირად არ მუშაობს ტელეფონი, პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და არ აქვთ რადიო მიმღებები. პატიმრები რამდენიმე პირს ასახელებენ, რომლებიც მათი უფლებების დარღვევებში უშუალოდ მონაწილებენ, მათ შორის, დაწესებულების ხელმძღვანელი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე, ასევე, დიმა ჩხაიძე, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი მისამართით გამოგზავნილ განცხადებას ხელს 693 მსჯავრდებული აწერს.

მათივე ინფრომაციით, 2012 წლის 23 და 24 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კვლავ მოინახულეს ქსნის #15 დაწესებულების მსჯავრდებულები.

„როგორც აღმოჩნდა, 28 მსჯავრდებული, რომლებმაც დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო პროტესტი ყველაზე აქტიურად გამოთქვეს, 24 ივნისს, დილის საათებში ქსნის დაწესებულებიდან თბილისის #1 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი გადაყვანის მიზეზი ადმინისტრაციამ არ განმარტა“,- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ქსნის #15 დაწესებულების მსჯავრდებულები სახალხო დამცველს კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჩივრებით 2010 წელსაც ხშირად მიმართავდნენ, რომლებიც თანამშრომლების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებს შეეხებოდა.

განცხადების თანახმად, მსჯავრდებულები ყველაზე ხშირად დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ლევან ლეჟავას და გელა იოსავას ასახელებდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ დასახელებული პირები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.