ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი თბილისში დღეს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მის განცხადებაში აღინიშა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია, რადგან ის ცალკეული საქმეების ჩათვლით, ისეთი საკითხების განხილვის საშუალებას იძლევა, რომელიც შეშფოთებას იწვევს. 

„დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც 2011 წლის ივნისში ჩატარდა, გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა", - ნათქვამია ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.

მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა მიღწეული ტოლერანტული, პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით იქნება.

განცხადებიდან ასევე ირკვევა ისიც, რომ დისკუსიები სხვა მრავალ საკითხთან ერთად პატიმართა დიდი რაოდენობას, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულებას, უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებასა და სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასაც  შეეხება.

„ევროკავშირი შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს კვლავ წამოჭრის, განსაკუთრებით, არსებული პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GSP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების კონტექსტში“ - აღინიშნა ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.