არჩილ კბილაშვილი: „ქართულ  ოცნებაში“  შემავალი პარტიები შესაძლოა სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმონ  ან მათ ანგარიშებს ყადაღა დაადონ

არჩილ კბილაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები შესაძლოა სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმონ ან მათ ანგარიშებს ყადაღა დაადონ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რადგან ოქმი შეადგინა კონტროლის პალატამ და „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები, სამართალდამრღვევებად ცნო, შესაძლოა ეს პარტიები   სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ ან მათ ანგარიშებს ყადაღა დაედოს.  

კბილაშვილის განმარტებით, სასამართლო ვალდებულია კონტროლის პალატის მიერ, გაგზავნილი ოქმი 48 საათის განვალობაში განიხილოს.

„სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლო კოალიციაში შემავალ სუბიექტებს 476 614.51 ლარს 5-ზე გაუმრავლებს და პარტიებს ამ ოდენობის თანხით დააჯარიმებს. შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ სააპელაციოში გავასაჩივრებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს ჯარიმის გადახდისთვის სასამართლო 7-დღიან ვადას განუსაზღვრავს. არგადახდის შემთხევაში კი საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთვება, რომელიც ასევე ნებაყოფლობითი გადახდისთვის „ქართული ოცნების“ სუბიექტებს 7 დღეს მისცემს. ამ ყველაფერის შემდეგ კი იძულებითი აღსრულება დაიწყება. დაყადაღდება პარტიების ანგარიშები, ან მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ.  ქონება ახალ მესაკუთრეს გადაეცემა. შემოსული თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება“, - განაცხადა კბილაშვილმა.

კბილაშვილის თქმით, ყოველშემთხვევაში, ამ პროცედურას შედეგად  საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა,  პარტიის ლიკვიდაცია და  მსგავსი რამ არ მოსდევს,  მაგრამ აღნიშნავს, რომ თუკი პარტიის ანგარიში  დაყადაღებული იქნება, ეს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს  მათ საქმიანობას.