პაატა ზაქარეიშვილი: დე-ფაქტო აფხაზეთში ხედავენ, რომ  გამოსავალი სწორედ ივანიშვილშია

პაატა ზაქარეიშვილი: დე-ფაქტო აფხაზეთში ხედავენ, რომ გამოსავალი სწორედ ივანიშვილშია

 კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას, რომ  „საქართველოსთან დიალოგისთვის ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები გვჭირდება, როგორებიც ივანიშვილი და ალასანია არიან“ მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში  გონიერ პოლიტიკას ხედავენ და რომ სწორედ ივანიშვილშია გამოსავალი, რაც  აფხაზებისა და ქართველებისთვის ერთობლივად მისაღები იქნება.

„ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს აფხაზებთან და ზოგადად,  საქართველოს მიმართ ძალიან კარგად ვიცი მათი განწყობა. მათ კარგად იციან, რომ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასდროს  აღიარებს,  იმიტომ რომ ეს საქართველოს ინტერესებში არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მათ საქართველოსთან  ნორმალური ურთიერთობა სხვა მიმართულებებით სურთ. არა პოლიტიკური მიმართულებით არამედ, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მიმართულებებით და აშ.  დღეს აფხაზებთან თანამშრომლობის დაწყება ბევრ საკითხზე შეგვიძლია, რომელიც 5-6 წლის შემდეგ, პოლიტიკურ საკითხზე ლაპარაკსაც კი მოგვიტანს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეკითხვის პასუხად, ჩირიკბას განცხადება იქნება თუ არა ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი მაკომპრომიტირებელი, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია  აცხადებს, რომ სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს საქართველო და  ოკუპაცია განახორციელებინა.

„სააკაშვილი იყო, რომ გაიძახოდა  რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, რომ ცხინვალს გვითმობენო. პუტინის ოცნება იყო საქართველოში სააკაშვილისნაირი ხელისუფალი ყოფილიყო, რადგან რაც სურდა იმას გააკეთებდა. სააკაშვილმა დღეს რათა დამალოს კუდები თავისი პრორუსლი პოლიტიკისა და რუსული პროექტისა შეტევაზე გადადის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ „ახლა ბრმა უნდა იყო ამომრჩეველი, რომ ვერ ხედავდე, რომ საქართველო სააკაშვილმა რუსებს ჩააბარა  და ვერ ხედავდე იმას, რომ ივანიშვილი ამ  საქმიდან გამოსავალს ეძებს“.

ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ამომრჩეველი სააკაშვლის დემაგოგიას არ აჰყვება და არჩევანს  სწორედ ქართული პოლიტიკის მიმართ გააკეთებს და არა რუსული პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მისი თქმით, სააკაშვილი ახორციელებს.