თინა ხიდაშელი: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას 2-3 კვირაში დაიწყებს

თინა ხიდაშელი: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას 2-3 კვირაში დაიწყებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან, დაახლოებით, 2-3 კვირაში კომუნიკაციას დაიწყებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება 20 ივნისს "ქართული ოცნებისა”' და საერთაშორისო ადვოკატების დახმარებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ადვოკატების მიერ ჟენევის ადამიანის უფლება კომისიაში საჩივრის შეტანა ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის, ხოლო მეორეს მხრივ, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით არის განპირობებული, რაც მისი თქმით, „საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს“.

ხიდაშელის თქმითვე,  საჩივარში მთავარი არგუმენტი, ასევე ისაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ქართული სამართალწარმოების ვადები მაქსიმალურად გაწელოს, რადგან კოალიციამ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის სტრასბურგში გასაჩივრება ოქტომბრამდე ვერ მოასწროს.

„სამართალწარმოების ვადების მაქსიმალურად გაწელვა მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, რომ ოქტომბრამდე საქართველოში ვერ მოესწროს სამართალწარმოების დასრულება და შესაძლებლობა არ მოგვეცეს რომ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მივიღოთ დადგენილება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენისა და მის მიერ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის თაობაზე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, დრო, რომელიც მათ მიერ იქნა შერჩეული ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესოა. რადგან 20 ივნისს, გაერო-ში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან შეკრებების თავისუფლების საკითხში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში სწორედ გაერთიანებების თავისუფლების დარღვევის შესახებ ისაუბრა.

„მან ცალსახად განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ქვეყანაში არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის ჩამორთმევით მისი პოლიტიკური უფლებები დაკარგა, რაც საქართველოში პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავს. ამასთან, მან ისაუბრა საარჩევნო პროცესში არსებულ სხვა პრობლემებზეც, ახლა ერთადერთი, რაც გაერო-ს დარჩა, ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ პირდაპირ უნდა მიუთითოს. ჩვენი საჩივრით ამის ინსტრუმენტი გავაჩინეთ", - განაცხადა ხიდაშელმა.