საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია აფხაზეთში იმყოფებოდა

საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია აფხაზეთში იმყოფებოდა

საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია რიჩარდ ლაიონსის, იაროსლავ პეტროვისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლის გუტიერეს ჯესუსის შემადგენლობით,  სოხუმს ესტუმრა. ამ განცხადებას აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ- გვერდზე ავრცელებს.

დელეგაციის ხელმძღვანელის რიჩარდ ლაიონსის განცხადებით, ვიზიტის ძირითად მიზანს  გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად, გალსა და სოხუმში ორი რესურსცენტრის-„ამერიკული კუთხის“ გახსნა წარმოადგენს. დელეგაციის წევრის იაროსლავ პეტროვის განცხადებით, „ამერიკულკი კუთხე“ აფხაზ მოსახლეობას ინგლისური წიგნებით მოამარაგებს, რომელიც მათ დაეხმარება გაეცნონ აშშ ისტორიას, ენციკლოპედიური მონაცემებს, კომპიუტერული ტექნიკის საფუძვლებს, აფხაზ მოსახლეობას ასევე გადაეცემა ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები და ა.შ. „ჩვენი მიზანია აფხაზ მოსახლეობას ამერიკულ სასწავლო სახელმძღვანელოებთან ხელმისაწვდომობა გააჩნდეს“,-აღნიშნა ლაიონსმა.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ საკითხში აუცილებელია „ფაქიზი საკითხებიც“ გავითვალისწინოთ. „რა თქმა უნდა, აფხაზეთი დაინტერესებულია საგანმანათლებლო პროექტების საკითხებშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ საზღვარგარეთ ისწავლოს, თუმცა აუცილებელია გავიგოთ, რომ არსებობს პოლიტიკური პრობლემებიც“,- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „ნეიტრალური პასპორტების“ თემას, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, ამერიკის, იაპონიისა და ჩეხეთის მიერ პასპორტების აღიარებამ, აფხაზეთში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. აფხაზურ საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს აგრეთვე ამერიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს რევანშისტული ქმედებების პრაქტიკული მხარდაჭერა აფხაზეთის მიმართ. „რაც შეეხება რესურსცენტერის „ამერიკული კუთხის“ შექმნის გადაწყვეტილებას, უნდა გავითვალისწინოთ არსებული პოლიტიკური რეალობა და გადაწყვეტილება მივიღოთ აფხაზეთის ხელისუფლებასთან მსჯელობის შემდეგ“,- განაცხადა ჩირიკბამ.

შეხვედრის მეორე ნახევარში მხარეებმა იმსჯელეს იმ პროექტების ტექნიკური მხარის შესახებ, რომელიც ამერიკული მხარის დაფინანსებით ხორციელდება აფხაზეთში და განიხილეს ჟენევიის დისკუსიის დღის წესრიგი, რომლის შემდგომი რაუნდიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება.