აფხაზები იმედოვნებენ, რომ საქმიანი ივანიშვილი შესაძლოა უკეთ მიხვდეს, რა იქნება უკეთესი ყველასთვის

აფხაზები იმედოვნებენ, რომ საქმიანი ივანიშვილი შესაძლოა უკეთ მიხვდეს, რა იქნება უკეთესი ყველასთვის

 

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ იტალიური გამოცემა "Limes"-თან ინტერვიუში რუსულ-ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთს უფრო პრაგმატულად მოაზროვნე  ალასანია ან ივანიშვილი სჭირდება.

„ჩვენ მოლაპარაკებების დასაწყებად ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩვენს შორის სხვა დამოკიდებულება იქნებოდა და შეთანხმების მიღწევა უფრო რეალური გახდებოდა. ჩვენ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე თანამოსაუბრე გვჭირდება - ალასანია, ან ოლიგარქი ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა უკეთ მიხვდეს რა უკეთესია ყველასთვის“,-აცხადებს ჩირიკბა.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის  პირველი დიპლომატი აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსის ჯარის არსებობა ქართული მხარისგან მათ დასაცავადაა აუცილებელი, ხოლო გალის რაიონის მოსახლოება ქართველებს აფხაზების მკვლელობაში ეხმარება.  

ისინი ჩვენ საქართველოს მხრიდან თავდასხმისგან გვიცავენ. აფხაზეთში სულ 3 500 რუსი ჯარისკაცია მაშინ, როცა კოსოვოში ნატოს ჯარები გაცილებით მეტი შემადგენლობით დგას. სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსი ჯარისკაცები ჩვენთან დროებით არიან. რაც შეეხება გალის მოსახლოებას, ისინი ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენენ იმდენად, რამდენადაც ქართველ ჯაშუშებს მფარველობენ და ბოლო თვეების განმავლობაში ათი ადამიანი მოკლეს. მათი უკანასკნელი მსხვერპლი პოლიციელი გახდა, რომელიც ჩამოახრჩვეს. ქართველებს იმ პირთა სია აქვთ, ვის მოკვლასაც აპირებენ და პერიოდულად ამას აკეთებენ კიდეც“,-აღნიშნავს ჩირიკბა.