სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“  წევრების  დევნაზე  პროკურატურას,  უწყებათაშორის კომისიასა და სახალხო დამცველს მივმართავთ

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ წევრების დევნაზე პროკურატურას, უწყებათაშორის კომისიასა და სახალხო დამცველს მივმართავთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი და ადვოკატი, თედო კობახიძე  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ და უწყებათაშორის კომისიასა და სახალხო დამცველს მიმართავენ.

სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნების“  წევრების მიმართ განხორციელებული ქმედებები აშკარად,  პოლიტიკური  ზეწოლის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისად,  ისინი ამ ქმედების გამო უმკაცრეს რეაგირებას და ამ ქმედებაში მონაწილე  ადამიანების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

„კონკრეტულად, ეს  მოქალაქე აბესალომ კუჭაშვილის მიმართ განხორციელებული დევნაა.  ეს ადამიანი ცხოვრობს მარნეულში, სოფელ ორჯონიკიძეში. მის მიმართ მრავალნაირი ზეწოლა განხორციელდა ნიღბიანების მიერ, ოჯახში შევარდნა თუ სხვა მსგავის რამ.  ვიცით, იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ დევნაში  მონაწილეობდა.  შესაბამისად,  მოვითხოვთ უმკაცრეს რეაგირებას და ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, პროკურატურაში შეტანილი სარჩელი, უწყებათაშორისო კომისიისა და სახალხო დამცველისადმი მიმართვა,  შედეგის განმსაზღვრელი აუცილებლად იქნება.

„შედეგი მოჰყვება ყველაფერს, რაზეც ჩვენ მოვითხოვთ, რომ შედეგი დადგეს. საზოგადოებას აქვს ძალა შედეგს მიაღწიოს.  ბუნებრივია, ამ რეაგირებისთვის  მეორე ეტაპი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა  იქნება  და უმკაცრეს პასუხს მოვითხოვთ თუკი რეაგირება არ იქნება“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი და ადვოკატი თედო კობახიძე  „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარს  დღეს, 15 საათზე  შეიტანენ.